ქვემო ქართლის სკოლები, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა – სახალხო დამცველის რეკომენდაცია

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლების უსაფრთხო წყალთა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით უზრუნველყოფის რეკომენდაციით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს მიმართა.

მათი ინფორმაციით,სახალხო დამცველის აპარატის მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში 2018 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობები, ისევე როგორც, წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებს, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. მონიტორინგის თანახმად:

სოფელ ქვემო ყულარის, სოფელ ნაგების და დაბა თრიალეთის საჯარო სკოლებს არ მიეწოდება სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; ასევე, საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების სისტემა. სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექნიკური გამოყენების წყალი, ხოლო სასმელ წყალს სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებიდან იღებენ.
ანტისანიტარული მდგომარეობაა სკოლების საპირფარეშოებში, ხოლო სოფელ ზემო ყულარის სკოლას საკუთარი ტუალეტი არ აქვს. მოსწავლეების თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ისარგებლონ საპირფარეშოთი;
რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით სოფლად მდებარე სკოლებში, ბავშვებს არ აქვთ ხელის დაბანისა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, სასკოლო გარემოს კეთილმოწყობის, საპირფარეშოების რეაბილიტაციისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, რათა მოსწავლეები და სკოლის პერსონალი უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით.”-ნათქვამია სახალხო დამცველის ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიასამარცხვინო საქციელი და არანაირად ქადაგება- მეუფე პეტრე მეუფე იაკობის სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება