ფინანსთა მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ჯენერ ედელმანსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, მაგდა მაღრაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობა მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ივანე მაჭავარიანმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში უწევს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ივანე მაჭავარიანმა სტუმრებს განათლების სექტორში მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მისიაა ქვეყანაში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს-საპატრიარქო
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის სკოლები, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა საგანგაშოა – სახალხო დამცველის რეკომენდაცია