ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი, შესაძლოა, აღდგომამდე შემოიღონ – დიმიტრი ხუნდაძე ზომების გამკაცრებაზე საუბრობს

უკვე ერთი კვირაა, რაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. არ არის გამორიცხული, ისედაც გამკაცრებული ზომები კიდევ უფრო გაამკაცრდეს. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში გეგმიური შეხვედრა მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები იმ სქემაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც უნდა გაგრძელდეს პრევენციული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ლეტალური შედეგების საკმაოდ დრამატული ზრდა შეინიშნება მსოფლიოს მასშტაბით და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ქვეყანამ ადრეულ ეტაპზე პრევენციულ ზომად საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება მიიღოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული თითოეულ მოქალაქეზე და იმაზე, თუ როგორ გაართმევენ ისინი თავს ამ გამოწვევას და რამდენად გაითვალისწინებენ მთავრობის რეკომენდაციებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ძალიან მალე შევალთ კრიზისულ პერიოდში, ვითარება კონტროლირებადია, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გართულებული შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ, რომ შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეს დაძლიოს და აწიოს. აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება. სახლში დარჩენით საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ. თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოების და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. როცა გადაუდებელი საჭიროება იქნება მისი შემოღების, აუცილებლად შემოვიღებთ.

თუ ჩვენ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ეპიდვითარებას და მით უმეტეს ევროპაში, სადაც დაბინძურების ხარისხი არის მაღალი, გავრცელების მაჩვენებლები და სამწუხაროდ ლეტალობისაც არის მზარდი, რა თქმა უნდა შესაძლოა ამ სცენარებიდან და ამ პროგნოზებიდან ჩვენ უფრო ადრე დაგვჭირდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება, ვიდრე ეს იქნება აღდგომა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაღალი ტემპერატურის გამო, კახეთიდან თბილისში 50 წლამდე მამაკაცი გადმოიყვანეს
შემდეგი სტატია,,ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი