“ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ”

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საგურამოში განსაკუთრებულად იგრძნობა ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც თითოეულ ქართველს სამშობლოს წინაშე აკისრია.

„რადგან ილია ჭავჭავაძემ, მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ყოველი თავისი სიტყვითა და ნააზრევით სამოქმედო გეგმა და შეგონება დაგვიტოვა ერს.

“დღევანდელი ჩვენი თავშეყრით საგურამოში, აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, გვინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტუროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგული ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის სამსახურისთვის. ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ. ისევ ილიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც გვეუბნებოდა: „ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ თაობას პატივი ერგო, იყოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პოლიტიკური პროცესების შემოქმედი და მონაწილე.

„დღეს ყველა ერთად გავდივართ იმ გზას, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ფეხზე დავაყენოთ ეკონომიკა და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა ილიამ: ,,ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს“. ეს სიტყვები ჩვენი გზის სისწორეს ადასტურებს – დიახ, ჩვენი ხელისუფლება ისეთ სახელმწიფოს აშენებს, რომლის ცენტრშიც ადამიანია, და მისი ღირსება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ამ 4 წელიწადში, სირთულეების მიუხედავად, მყარი საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ ცვლილებებს მრავალი მიმართულებით.

„ხელისუფლების ვალდებულებაა ემსახუროს ხალხს და ჩვენ ვცდილობთ, ბევრი არ ვილაპარაკოთ გაკეთებულ საქმეებზე, რადგან ხალხი ამას ისედაც ხედავს. როგორც ილია ამბობს, ,,ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა!“. დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს. მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს! და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ახალი წევრები წარადგინა
შემდეგი სტატია“კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან”