ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ქობულეთის ტრაგედიის დროს

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო “არმაზის” მეპატრონეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ირაკლი ღარიბაშვილს სამართლიანობის დადგენაში დახმარებას სთხოვენ. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონის ზაზა ართმელაძის წინასწარი პატიმრობა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ “თუ ვინმე უნდა დააპატიმრონ, ეს არის ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია”.
ლია ართმელაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს.
“ბატონი ღარიბაშვილი ჩაერთოს პირადად სიმართლის დადგენაში. ჩვენ ყველას გვაინტერესებს რატომ იყვნენ ბავშვები ოთახში მარტო, რატომ იყო ოთახის კარი ჩაკეტილი, რა გააკეთეს თანმხლებმა მშობლებმა ბავშვების გადასარჩენად. გოგი მარღანიამ უნდა გასცეს სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხები. არჩევნები მოდის და პრემიერ-მინისტრმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ სიმართლე იზეიმებს ამ ქვეყანაში”, – აღნიშნა ლია ართმელაძემ.
ქობულეთის გამგეობასთან შეკრებილმა ართმელაძეებმა და მათმა ნათესავებმა ქობულეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები უყურადღებობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ხანძრის შემდეგ გამგეობის წევრებს მათი მდგომარეობა არ მოუკითხავთ. დაპატიმრებულის დედის თალიკო ტაკიძის თქმით, სასტუმრო მის სახელზეა დარეგისტრირებული და მისი შვილის დაპატიმრება არასწორია.
“არმაზის” დირექტორი მე ვარ და თუ ვინმე უნდა დაეპატიმრებიათ, ეს მე ვარ. იმ ანგელოზი ბავშვების მშობლებს მინდა მივუსამძიმრო, ჩვენ ისინი ყოველთვის გვახსოვს და სანთლებს ვუნთებთ. გოგი მარღანიას მინდა მივმართო, 10 წლის გამავლობაში წელიწადში ორჯერ რომ დადიოდა რატომ ირჩევდა ჩვენს სასტუმროს თუ ის გაუმართავი იყო?” – აღნიშნა თალიკო ტაკიძემ.
ოჯახის წევრები და ნათესავები ზაზა ართმელაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ე.წ. “ხასანას” სასტუმროში 10 მაისს გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის “სიხარული 2”-ის სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიავისი რჩევით წყვეტს შიმშილობას ირმა ინაშვილი?!