ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის ფაქტზე: ეს არის ოკუპაციის გაგრძელება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოკუპირებული ცხინვალი არჩევნების დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს.

ციხელაშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება არალეგიტიმურია.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2008 წლის შემდეგ ყველა არჩევნებისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს ხდება გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ისედაც შეზღუდული გადაადგილების შეზღუდვა. ამას ცალსახად ერთი შეფასება აქვს, რომ არალეგიტიმურია, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. ეს ის სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას უკავშირდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა მსგავს შემთხვევაში, წინა წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი ანალოგიურ ზომებს მიმართავდა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მომხდარ ფაქტზე მთავრობის მხრიდან რეაგირების ყველა მექანიზმი ამოქმედებულია.

„ჩვენ ამას ცასლახა შეფასებას ვაძლევთ როგორც საჯაროდ, ასევე ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში. წინა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში, საკითხი იქნა დასმული იმგვარად, რომ მოვითხოვეთ, არ ყოფილიყო შეზღუდული გადაადგილებსის თავისუფლება. ამის შესახებ ჩვენი პოზიცია, რეაქცია და შეფასება ცალსახაა და ყველა ამ მიმართულებით მთავრობამ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. ეს კონკრეტული ფაქტი, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების დაკავების ფაქტი და სხავდასხვა ტიპის შეზღუდვები, ოკუპაციის რეალური გაგრძელებაა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: “მკაცრად დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სკოლის რესურსს გამოიყენებს პოლიტიკურ პროცესებში”
შემდეგი სტატიაარჩევნები 2016 – კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება