ქართველ თეოლოგთა პასუხი რუს დეკანოზს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა”.
(II პეტ. 2, 21-22).

თქვენო მაღალღირსებავ, პატივცემულო დეკანოზო ნიკოლაი დანილევიჩ!

გულდასმით გავეცანით თქვენს კომენტარს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის არაოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. თქვენი, როგორც უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) პრეს-სპიკერის შეფასებით „მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის საწინააღმდეგოდ საქართველოს ეპისკოპატი არ იმოქმედებს და ის არ აღიარებს უკრაინის ახლად შექმნილ საეკლესიო სტრუქტურას“, რის საფუძვლადაც თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ცალკეულ მღვდელმთავრებთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციის წამომადგენლებთან ვიზიტი მოიხმეთ, სადაც, როგორც ჩანს თქვენთვის მაამებლური პოზიციები და დანაპირები მოისმინეთ, რაც იმთავითვე უნისონში ეხმიანება მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) უწინდელ შეფასებას საქართველოსთან მიმართებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

მიგვაჩნია, რომ თქვენი რიტორიკა და თვითდაჯერებული იმპერატიულობა წარმოადგენს მეტად უხეშ და არამართლზომიერ ჩარევას დამოუკიდებელი და-ეკლესიის შიდა სივრცეში. სამწუხაროდ, თქვენს ფრაზეოლოგიაში თვალშისაცემია აუგი და უდიერი დამოკიდებულება როგორც ადგილობრივი მღვდელმთავრების, ისე თეოლოგებისა თუ ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ.

აღმაშფოთებელია, აგრეთვე „დასავლური განათლების“ მქონე პირთა მიმართ გამოთქმული უკმეხი რეპლიკაც (რის საფუძვლადაც ცალკეული ქართველი სასულიერო პირების მონათხრობი მოიხმეთ), რომელიც ობიექტურად და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების მიზანმიმართულ სტიგმატიზებასა და „ოპოზიციურ ძალად“ წარმოჩინებას ემსახურება. ეს ყოველივე სხვა არაფერია თუ არა დემაგოგიური დისკრედიტაციის უბადრუკი მცდელობა! შესაბამისად, სავსებით დაუშვებლად მიგვაჩნია ევროპული კვალიფიკაციის კომპრომატად გამოყენება!

შექმნილი ვითარებიან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:
1)უარი თქვათ კრემლის კონიუქტურით ნაკარნახევ კადნიერებაზე და დაუყონებლივ შეწყვიტოთ თავაზიანი წნეხის, შეურაცხმყოფელი განცხადებების, თვითნებური ინტერპრეტაციების, შეუსაბამო სპეკულაციებისა და აგრესიული ზეწოლის წარმოება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის იერარქიაზე, სამღვდელო დასსა და მრევლის წევრებზე;
2)იმსჯელოთ არა ძერჟავნიკული პოლიტიკის მდგენელით განმსჭვალულ იმპერიალისტურ სიბრტყეზე, არამედ ეკლესიოლოგიური პრინციპების, ტრადიციებისა და კანონიკური საფუძვლების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მხრიდან წამოწყებული იერიში აღიქმება მხოლოოდენ უსაგნო დავად, არაკვალიფიციურ დისპუტად და ანგაჟირებულ მოვლენად;
3)გაითვალისწინოთ, რომ „მართლმადიდებლური ერთობის“ პრობლემა საქართველოს ეკლესიას მაშინ დაუდგება დღის წესრიგში, როცა ე.წ. „უკრაინულ (მოსკოვის საპატრიარქო) მართლმამდიდებლურ ეკლესიას“ განუცხადებს კანონიკურ ერთობას, რომელიც ამჟამად ყოველგვარი კანონიკური სივრცის მიღმაა და რომელიც რუსეთის კოლონიალისტური და ექსპანსიური იდეოლოგიისათვის ერთადერთი ხელშემწყობი პლათფორმაა მისი ავტოკეფალურობის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით (ისტორიულ-კანონიკური საფუძველი რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს არ გააჩნია).

აქვე დავძენთ, რომ წერილი რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს გაეგზავნა არა მარტო თეოლგთა, არამედ „საზოგადოების წარმომადგენელთა“ სახელით გაგზავნილი მილოცვაა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მილოცვაში მონაწილე პირები მხოლოდ თეოლოგები ყოფილიყვნენ. ვინაიდან მათი იდენტიფიცირებისას ყველა თეოლოგი არ აღმოჩნდა (როგორც ეს გითხრეს), ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ობიექტური (ისტორიულ-კანონიკური) აზრის, პოზიციისა და არგუმენტაციის გამოხატვა ქრისტიანული საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან აკრძალულია. ვფიქრობთ, პირუკუ, აუცილებელიც კია!

ამჟამად, თქვენი რეპლიკებიდან, ხოლო უახლოეს წარსულში კი მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებებიდან გამომდინარე მკაფიოდ გამოირკვა, რომ საქართველოს საპატრიარქო ლატენტურ დონეზე თქვენი მოკავშირე და მხარდამჭერია, რისი აქცენტებიც თავადვე დაუფარავად გამოკვეთეთ. თუმცა, მიუხედავად სისტემური პრობლემებისა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი აუცილებლად გააწბილებს თქვენსავე კონსპიროლოგიურ შეთანხმებას საქართველოს ეკლესიის ცალკეულ წარმომადგენლებთან, რომელთაც თქვენ და თქვენი უმაღლესი მესვეურნი მოკავშირე საყრდენად მიიჩნევთ!

პატივისცემით, თეოლოგები: გიორგი ტიგინაშვილი, ზვიად ცაბაძე, ლადო ნარსია, ბექა მინდიაშვილი, გოჩა ბარნოვი, გურამ ლურსმანაშვილი, დავით თინიკაშვილი, გიორგი გველესიანი, ლადო წითლიძე, გიორგი გეგუჩაძე, გიორგი ნადირაშვილი, დათო ნებიერიძე, ნიკოლოზ ღონღაძე, ვანო შოშიაშვილი, ბესარიონ ლიპარტელიანი, ვლადიმერ ჩიქობავა, ლევან ზივზივაძე, ირაკლი კიკაჩეიშვილი;

საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებელი ოთარ სხილაძე;

პოლიტილოგი ბაქარ ნადარაია,

ხელოვნებათმცოდნე როსტონ კაჭახიძე;

ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი ბესიკ მაშავა;

ეკლესიის მრევლი ირინა ძაძამია.

banner
წინა სტატიაშიტორუნში მარინა აბრამოვიჩის გამოფენის გახსნაზე კათოლიკე მორწმუნეებმა სახალხო ლოცვა მოაწყვეს
შემდეგი სტატიარეპერმა “მასტერმა” ახალი სიმღერა “ანტი” ჩაწერა