”ქართულმა ოცნებამ” მეტეხის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

22 მაისს კასპის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები დაინიშნა. შუალედური არჩევნების ჩატარება ადგილობრივ საკრებულოში მეტეხის თემის მაჟორიტარის ელგუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო გახდა აუცილებელი. ელგუჯა გეჯაძე ავტოავარიას ემსხვერპლა.

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეტეხის ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ კანდიდატად ალექსანდრე მერებაშვილი წარუდგინეს. ალექსანდრე მერებაშვილს ერთადერთი ოპონენტი ეყოლება 22 მაისს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ციცო აბუაშვილი. თუმცა, მერებაშვილი აბუაშვილს სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამს და აცხადებს, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.

რაც შეეხება ვიცე-პრემიერს, კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას არსებულ ვითარებაზე განცხადებაც გააკეთა.

„გარკვეული ძალები ცდილობენ ქვეყანაში არეულობას. ეს ძალიან ცუდია, რადგან კარგად გვახსოვს რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას დაპირისპირებამ, გადატრიალებამ და სისხლისღვრამ. ეს ჭრილობები ჩვენს სამშობლოს ჯერაც ვერ მოუშუშებია. ამიტომ, ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და არეულობა მოაწყოს. ჩვენ მათ ვთავაზობთ სხვა გზას, უფრო ცივილურ გზას, ეს არის არჩევნები და არჩევნების გზით ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საშუალება აქვს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინოს. შუალედური არჩევნები, ფაქტობრივად იქნება მოსამზადებელი პერიოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის. კასპის რაიონში სოფელ მეტეხში 22 მაისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ უკვე დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საუკეთესო კანდიდატურა წარვუდგინეთ ალექსანდრე მერებაშვილის სახით“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრების ბრალდებებს ტყუილს უწოდებს
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები გახდნენ