“ქართულმა მხარემ დე ფაქტო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება და გადმოცემა მოსთხოვა”

news
ავტ.: news მაისი 27, 2016 16:42

“ქართულმა მხარემ დე ფაქტო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება და გადმოცემა მოსთხოვა”

შერიგების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრაზე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს დამნაშავის გადმოცემა მოსთხოვა

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ მოთხოვნილ საკითხს ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან უკუგება არ ჰქონია.

“ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა საქმიან გარემოში გაიმართა. მისი მთავარი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მოთხოვნა იყო. ჩვენი მოთხოვნაა, მკვლელის დაკავება. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ეს არის ის მინიმუმი, რისკენაც სახელმწიფო გადადგამს ყველა ნაბიჯს. დღევანდელ ხუთმხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რუსულ და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს მოსთხოვა, რომ დამნაშავე იქნას გადმოცემული, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ამ საკითხთან დაკავშირებით, არ გვქონია უკუგება იქითა მხარის მიერ. იყო ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარეობს მოკვლევა. ასევე არ დასტურდება დამნაშავის დაკავების ფაქტი. ერთი პირობა, რომელიც პარტნიორებთან ერთად გვაქვს, არის ის, რომ ნებისმიერი ოპერატიული ინფორმაცია გაიცვალოს ცხელი ხაზის მეშვეობით. ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი ჟენევის დისკუსიების მომდევნო 36-ე რაუნდის მთავარი თემა იქნება, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართება”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა დღეს, 27 მაისს გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი იყო.

news
ავტ.: news მაისი 27, 2016 16:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics