ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო ვერცხლის მონეტებს ივლისიდან გამოუშვებენ

2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას. ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

მონეტის წონა 15.5 გრამი იქნება, დიამეტრი – 33 მმ. ჯამში 1500 ცალი მონეტა მოიჭრება.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მისი რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა
შემდეგი სტატია16-17 აპრლის, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ