“ქართული ოცნების” პოლიტიკური დიაგნოზია ის, რომ მიღებიდან ერთ კვირაში სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებების შეტანა

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ქართული ოცნების” პოლიტიკური დიაგნოზია ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ახორციელებს და ერთ კვირაში სჭირდება ამ ცვლილებებში ცვლილებების შეტანა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“მთავარი პრობლემა არის ის, რაც უკვე მოხდა მთელი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების იგნორირებით და რაც არ შეიცვლება – ეს არის ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების ჩამორთმევა, არსებული საარჩევნო სისტემის დატოვება, სხვა მავნებლობების შეტანა ჩვენს კონსტიტუციაში რუსული პროპაგანდის დაკვეთით. ამიტომ ახალი ცვლილებებით არსებითად არაფერი სწორდება და პირიქით არის ხაზგასმა იმისი, როგორი მანკიერი იყო ეს პროცესი თავიდან ბოლომდე”,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ჯერ ცვლილებების ინიცირებამდე ნაადრევია საუბარი იმაზე, ჩაერთვება თუ არა “ევროპული საქართველო” დიალოგში.

“ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირების პროცესის დაწყებას ახალი რედაქციის გამოქვეყნებისთანავე გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 4 მიმართულებით აპირებს.

„როგორც კი ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება დოკუმენტი, ჩვენ უკვე დავიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირების პროცესს. მუშაობას ვაპირებთ ოთხ საკითხზე, აქედან ორი დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან – ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება; ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, კიდევ ორი საკითხი, რომელზეც ვაპირებთ მუშაობას, არის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და რელიგიის თავისუფლების მუხლი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – რამდენიმე პარლამენტარმა პარტიისთვის შემოწირულობისთვის მნიშვნელოვანი სესხი აიღო
შემდეგი სტატია,,ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ იტალიაში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის ვიზიტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არა აქვს”