,,ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ იტალიაში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის ვიზიტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არა აქვს”

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“, დიმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედების გაგრძელებად აფასებენ, რომელიც მიზნად საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას ისახავს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„იტალია მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

ამის თაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებია იტალიის ხელისუფლებას. მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა თვალნათელია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნას იტალიაში, ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს.

ეს არის რუსეთის უკანონო მცდელობის გაგრძელება საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტომაციის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ე.წ.სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ იტალიაში “ვიზიტით” იმყოფება. როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა იტალიაში „სამუშაო ვიზიტისას“ განაცხადა, „სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას გეგმავს“.

მისივე თქმით, ეს „ვიზიტი“ იტალიური პროვინცია პეზარო-ე-ურბინოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მოწვევით განხორციელდა.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” პოლიტიკური დიაგნოზია ის, რომ მიღებიდან ერთ კვირაში სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებების შეტანა
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი