„ქართული ოცნების“ ნდობა არ არსებობს, იგივე ხალხი ამბობდა, რომ ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცა, რადგან ქვეყნის ომში ჩათრევა უნდოდა – ჯაფარიძე

შეერთებული შტატები ცალსახად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს 12 პუნქტის შესრულება, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ როგორც აუცილებლად შესასრულებელი რეკომენდაციები, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, – ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საზოგადოებაში ნდობა, რომ ნამდვილად შეასრულებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ამიტომ უნდა შედგეს ეროვნული თანხმობის მთავრობა.

„ჩვენ ვიყავით მოწვეული დემოკრატიის ეროვნული ფონდის, NED-ის პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის მიერ. გაიმართა შეხვედრა და გვქონდა ძალიან შინაარსიანი, მნიშვნელოვანი საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, იმაზე, თუ რა მხარდაჭერას საჭიროებს დემოკრატია ჩვენ ქვეყანაში, რისთვისაც არის ეს ორგანიზაცია შექმნილი შეერთებულ შტატებში. ამავდროულად, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ 12 პუნქტის შესრულების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ცალსახად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს 12 პუნქტის შესრულება, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ როგორც აუცილებლად შესასრულებელი რეკომენდაციები წლის ბოლომდე, რათა მივიღოთ სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ გვაქვს ეს უნიკალური შანსი და ეს ესმით ჩვენს მეგობრებს. წლის ბოლომდე ეს რეკომენდაციები აუცილებლად შესასრულებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი აბსოლუტურ გაურკვევლობაში გადავა და დავკარგავთ უნიკალურ შანსს. ახლა უნდა ვისარგებლოთ ამ უზარმაზარი შესაძლებლობით, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამოცანაა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აცხადებენ, რომ თურმე მზად არიან რეკომენდაციები შეასრულონ, ეს იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ორი დღის წინ ამბობდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არაფერს ნიშნავს, იგივე ხალხია „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც ამბობდნენ, რომ ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცა იმიტომ, რომ ქვეყნის ჩათრევა უნდოდა ომში, ასევე შეერთებულ შტატებს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა. ამ დემაგოგიას და რუსულ პროპაგანდას ავრცელებდა იგივე ხალხი, რომელიც ახლა გვეუბნება, რომ ახლა რეკომენდაციებს შეასრულებენ. მათდამი ნდობა არ არსებობს საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიეროს, რომ აუცილებელია ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. ეს იქნება გარანტია, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდება. ასეთ მთავრობას ექნება სრული ნდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან 3 ივლისს დაგეგმილი აქციის შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, რა თქმა უნდა, მივალთ ამ აქციაზე და მხარს ვუჭერთ თანხმობას. „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს ვინმე მოუწოდებდეს არეულობისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ თანხმობისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს საზოგადოებაში დაპირისპირება. მეც ვნახე და მთელმა საზოგადოებამაც, როგორ ხდება ორგანიზება „ქართული ოცნების“ მიერ აგრესიული ჯგუფების, რომლებიც თავს ესხმიან თანხმობისკენ მოწოდებით მისულ ოპოზიციურ ლიდერებს და საზოგადოების ცნობილ პირებს. აქ ჩანს სწორედ „ქართული ოცნების“ აგრესიული ბუნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ახლა კი გამოჩნდა, რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი – ვილსონი
შემდეგი სტატიახარკოვის მიმართულებით მტერს დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურს და შტურმს ახორციელებს – გენშტაბი