საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ახლა კი გამოჩნდა, რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი – ვილსონი

“მრავალი წლის განმავლობაში საქართველო დემოკრატიული რეფორმების მიხედვით წინ უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას, ახლა კი გამოჩნდა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დეიმონ ვილსონმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებელია ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც ყველასთვის უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტებს კი უსაფრთხოდ მუშაობის საშუალებას მისცემს.

უილსონი 5 ივლისის მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის როლი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში უმნიშვნელოვანესია.

“მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და დემოკრატიული რეფორმების მიხედვით, წინ უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას. ამის გათვალისწინებით, ახლა გამოჩნდა, რომ საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. თქვენ არ უნდა აკეთებდეთ ამას ბრიუსელისთვის, შარლ მიშელისთვის ან პრეზიდენტ მაკრონისთვის. ეს რეფორმები უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უკეთესი მომავალი ჰქონდეს.

ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ადამიანს უსაფრთხოების გრძნობა არ აქვს. ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისი და ჟურნალისტის მკვლელობა, ვიხილეთ როგორ ემუქრებოდნენ დემონსტრანტები იმ ხალხს, ვინც ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად გამოვიდა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვართ ახლა აქ. ჩვენ ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ქართველ ჟურნალისტებს.

დემოკრატიის დროს, მთავრობას დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ შექმნას ისეთი გარემო, სადაც ყველას ექნება საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ბევრი ადამიანი შეშფოთებულია იმით, რომ ეს უფლება ბოლომდე დაცული არ არის. ასე რომ მთავარი პასუხისმგებლობა აქ ის არის, რომ დემოკრატიის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ დადგენილი წესების დაცვით, რათა საფუძველი ჩაუყარონ საქართველოს უკეთეს მომავალს. ეს ავტომატურად არ ხდება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის როლი”, – თქვა დეიმონ ვილსონმა.

banner
წინა სტატიაშივისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს წამოწყებაში, ვინც არ გვიერთდება, როგორც ჩანს, ევროკომისიის წინადადებებზე უარს აცხადებს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ნდობა არ არსებობს, იგივე ხალხი ამბობდა, რომ ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცა, რადგან ქვეყნის ომში ჩათრევა უნდოდა – ჯაფარიძე