„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ოპონენტებს მოუწოდებს, ყიზილაჯლოში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ აბაზოვი ოპონენტებს მოუწოდებს, მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. შესაძლო ვერსიებსა და მოტივზე საუბარი არ სურს, თუმცა ამბობს, რომ გავრცელებული ხმები შიდადაპირისპირებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის. რაც შეეხება ინციდენტს, მოკლე ხანში, ვინაიდან პირადად მინისტრია ჩართული ამ საქმეში, იქნება პასუხი“, – განაცხადა თეიმურაზ აბაზოვმა.

აბაზოვი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, მომხდარი უკავშირდებოდეს ბიზნესინტერესებს. მოქალაქეთა ნაწილი პირად საუბარში ამბობს, რომ კონფლიქტის მოტივი ბიზნესს უკავშირდებოდა.

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ აბაზოვმა კომენტარი მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გააკეთა, სადაც დაჭრილები მოინახულა.

დაჭრილების მოსანახულებლად საავადმყოფოში დეპუტატი თამაზ ნავერიანიც იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს ინფორმაციით, 3 644 საარჩევნო უბანი არჩევნების ჩასატარებლად მზად არის
შემდეგი სტატია,,მცდელობა ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობაა”