ცესკო-ს ინფორმაციით, 3 644 საარჩევნო უბანი არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზად არის 3 644 საარჩევნო უბანი, საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები და ოქმები.

ცესკო მხარეებს შეახსენებს, რომ კანონმდებლობით კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე აგიტაცია იკრძალება, ამომრჩევლებს კი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„3 644 (მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.

საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი. 21 ოქტომბერს, დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავამ იუსტიციის სახლთან აბრა „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ გააკრა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ოპონენტებს მოუწოდებს, ყიზილაჯლოში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ