„ქართული ოცნების“ გუნდი არავის დასხმია თავს, მით უმეტეს პარტნიორებს, მეგობრებს შორის შესაძლოა, იყოს გარკვეული გაუგებრობა, შეკითხვაც დაისვას, რაც ლეგიტიმურია – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი თავს არავის დასხმია, მით უმეტეს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს.

მისივე თქმით, მეგობრებს შორის, შეიძლება, იყოს გარკვეული გაუგებრობა და შეკითხვაც დაისვას, მაგრამ ეს ლეგიტიმურია.

როგორც ოხანაშვილი ვარაუდობს, საელჩოც გაერკვევა, მოსამართლის საქმეზე რომელიმე პირის მხრიდან ხომ არ მოხდა თვითნებობა.

„ქართული ოცნების“ გუნდი თავს არავის დასხმია, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ვინმეს როგორც არ უნდა სურდეს, კითხვის ნიშანი გააჩინოს, ობიექტურად არ არსებობს. მოსამართლემ განცხადება გააკეთა და რატომ შეიძლება, ისე იყოს დემოკრატიაში გაგებული, რომ კითხვის დასმის და პასუხის მიღების უფლება არ გაქვს? ზოგადად, გვაქვს თუ არა არსებობის უფლება? – ისეთ შეკითხვებს სვამთ, რომ მგონი, ეს უხერხულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხრიდან, ვინც აქ ხართ. ვფიქრობ, გაქვთ უნარი, დამოუკიდებლად გააკეთოთ შეფასებები. როგორც ქალბატონმა ელჩმაც ახსენა, მეგობრებს შორის, შეიძლება, იყოს გარკვეული გაუგებრობა, ამაზე შეიძლება, შეკითხვაც დაისვას, რაც ლეგიტიმურია. ალბათ, საელჩოც გაერკვევა, მოსამართლის საქმეზე კონკრეტული რომელიმე პირის მხრიდან თვითნებობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. რა კითხვები მიჩნდება და რა – არა, ამას შეხვედრების დროს, კარს მიღმა მეგობრულად გავარკვევთ და შეკითხვებსაც დავსვამთ, სადაც შეკითხვა იქნება დასასმელი.

რაც შეეხება თავდასხმებს, თუ თქვენ ვერ ასხვავებთ კითხვის დასმასა და თავდასხმას, გვარამიას ეთერი გაიხსენეთ – იყო საბჭოთა გასამართლება აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების, საბჭოური სტილით, სურათების ჩვენებით, მენტორული ტონით, რომ დეგნანის გაგებით ამერიკა მისთვის მიუღებელია. ამასა და კითხვებს შორის განსხვავებას თუ ვერ ამჩნევთ და იმასაც, სააკაშვილი როგორ მოიხსენიებს დასავლეთს, ძნელია, რამეზე ვისაუბროთ და რამეზე შევთანხმდეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიროგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ, ახლა ნებისმიერი უთანხმოება მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება – დეგნანი
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ – დეგნანი