“ქართული ოცნება” საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით უნდა ჩაერთოს

“ქართული ოცნება” საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით უნდა ჩაერთოს. გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა… შესაძლოა შეგვრჩეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“არსებობს ჯგუფი დეპუტატებისა, მათ შორის ვარ მეც, რომელიც მხარს უჭერს და უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგეს საკუთარი კანდიდატით.

პარტიის ლიდერის არგუმენტები იყო გასათვალისწინებელი, საფუძვლიანი, რეალობასთან ძალიან ახლოს, მაგალითად ის, რომ ეს იქნება დემოკრატიის მაღალი ხარისხის მანიშნებელი, თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნები თავის არჩევითობის პრინციპით და მისი ლეგიტიმაციაც ცდება საპრეზიდენტო ინსტიტუტის უფლებამოსილებებს და ძალაუფლებას, უმჯობესი იქნება, რომ დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს და არ წარადგინოს საკუთარი, თუმცა გვაქვს საკუთარი არგუმენტებიც” – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით უნდა მოხდეს ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვა და იმ განსხვავებული არგუმენტების მოსმენა, რომელიც დეპუტატების გარკვეულ ნაწილს აქვთ:

“საკუთარი კანდიდატის არ წარდგენა და ამ კუთხით მონაწილეობა არჩევნებში, იქნება ფორმალური ხასიათის. ფორმალობა რთული ასახსნელი იქნება, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე, ჩვენი გუნდის წევრებისთვისაც. რაც დაბნეულობას გამოიწვევს, როგორც ამომრჩეველში, ასევე გუნდის წევრებს შორის. თუ კი “ქართული ოცნება” დაუჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, საპრეზიდენტო სავარძელში უკვე მისი ქმედება იქნება პასუხსაგები “ქართული ოცნების” მიერ. მის ქმედებებზე მმართველ გუნდს პასუხის გაცემა ხშირად მოუწევს. ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არის რეალური კანდიდატი გამოვლენილი, თუ ვის დაუჭერს მმართველი გუნდი მხარს, ახლაც, ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებებზე ხშირად მმართველ გუნდს აკითხავენ პასუხის გასაცემად” – დასძინა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, საკუთარი კანდიდატის არ ყოლამ შესაძლოა დაბნეულობა გამოიწვიოს, რაც არასწორ პროცესებს წარმართავს:

“შესაძლოა შეგვრჩეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება, იმ დღეს არსებული ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებებიდან გამომდიანრე, რომელიც არსებობს” – დასძინა უმრავლესობის წევრმა.

ხუნდაძის განმარტებით, მათი პოზიცია არ ნიშნავს გუნდში განხეთქილებას, არამედ ეს არის პროცესის გაგრძელება.

 

წყარო: “პრაიმტაიმი”

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა ქალაქის განვითარებას
შემდეგი სტატია„არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად“