პროკურორი: ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური ურთიერთობა

პროკურორ დავით ნეფარიძის ინფორმაციით, ოთარ ბერძენიშვილმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური სახის ურთიერთობა. ამის შესახებ ნეფარიძემ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნეფარიძემ აღნიშნა, ოთარ ბერძენიშვილის მონაწილეობით სასამართლო სხდომა იმის გამო იყო დახურული, რომ მისი დაკითხვისას უნდა გამოკვლეულიყო ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის პირადი მიმოწერა და ასევე საუბარი იყო ინტიმური ხასიათის და პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციაზე, რაც პერსონალური მონაცემებია და ამიტომ პროკურატურა ვალდებული იყო, სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა დაეყენებინა.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური სახის ურთიერთობა და ასევე გამოკვლეული იქნა მათი მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ მაგდა პაპიძეს ბევრად დიდი გრძნობა აკავშირებდა ოთარ ბერძენიშვილთან, ვიდრე ეს იყო მხოლოდ ინტიმური კავშირი. ჩვენების დანარჩენ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაგდა პაპიძეს ოთარ ბერძენიშვილის მიმართ ბევრად უფრო დიდი გრძნობა ჰქონდა, ვიდრე ეს არის მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა“, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიიძულებით გადაადგილებულ 209 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
შემდეგი სტატიაორლანდოელმა ტერორისტმა სროლისას ისლამისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა