“პროკურატურასა და “საერთაშორისო გამჭვირვალეობას” შორის მოულოდნელი და უცნაური დაახლოება შეიმჩნევა”

პროკურატურასა და “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” შორის მოულოდნელი და უცნაური დაახლოება შეიმჩნევა, – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკელების” წევრი დავით ბერძენიშვილი, ინფორმაციას იმის შესახებ პროკურატურამ საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თაობაზე საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველომ” პროკურატურას მიმართა და ერთ საათში, პროკურატურა გამოეხმაურა. რაღაცა მოულოდნელი და უცნაური დაახლოებაა პროკურატურისა და “საერთაშორისო გამჭვირვალეობის”. ეს სერიოზული არ არის. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეისწავლის. მგონია, რომ საქმის არ აღძვრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ ეს მათი საქმეა. პროკრატურა უნებურად არ უნდა იქცეს პოლიტიკური კამპანიის შემადგენელ ნაწილად”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავარ პროკურორსა და მთავარ პროკურატურას სერიოზული პასუხისმგებლობა დაესკისრა, რადგან თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოდის.

“ხელისუფლებიდან გაგდებული ბრეგაძე თავდაცვის მინისტრის მიმართ უხამსი ბრალდებებით გამოდის. ასვეე არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ბრალდებებით გამოდის და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ეს ყველაფერი ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება. ვიღაცა ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაცა – გამოუცდელობით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მოუწოდა, ხიდაშელთან დაკავშირებულ თემებს ოპერატიულად ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს და მისდაუნებურად პოლიტიკური თამაშების მონაწილედ არ იქცეს.

banner
წინა სტატიაში„რაზბორკები“ ბიძინასთან
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: მოსამართლეს განსაკუთრებული ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა სჭირდება