პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგამყრელიძე: დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით”
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება