პროკურატურა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ გიორგი სამუშიას გადმოცემაზე ოფიციალურ განმარტებას აკეთებს

region
ავტ.: region ივლისი 24, 2019 16:38

პროკურატურა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ გიორგი სამუშიას გადმოცემაზე ოფიციალურ განმარტებას აკეთებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ გიორგი სამუშიას გადმოცემაზე ოფიციალურ განმარტებას აკეთებს.

„წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა. სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმე წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს არსებითი განხილვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს დღეს გადმოსცა.

გიორგი სამუშია უკრაინაში 31 მაისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართა.

ამასთან, გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა, რის გამოც მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშია ბოლოს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა, სადაც იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს პირველმა არხმა მის მიერ საქართველოს დატოვების დეტალების შესახებ სიუჟეტებიც მოამზადა.

region
ავტ.: region ივლისი 24, 2019 16:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics