პროკურატურა: კუდ-ის და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული სრულად დადასტურდა

პროკურორ ლევან ადეიშვილის განცხადებით, ერთადერთი იყო გაფლანგვის მუხლი, რომელშიც პროკურატურის კვალიფიკაციას მოსამართლე არ დაეთანხმა და ხიზანიშვილის ქმედება სურმავასათვის თანხის გადაცემა დააკვალიფიცირა უფლებამოსილების გადამეტებით.

დანარჩენ მუხლებში კი ყველა ბრალდებულთან მიმართებაში პროკურორის თქმით, ბრალდება სრულად იქნა გაზიარებული.

პროკურორის თქმით, კუდის და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დადასტურდა, როგორც კომპიუტერული ვირუსების უკანონოდ შექმნაში, ისე ტვირთების დაზიანებაში და სურმავას ეპიზოდში.

“სასამართლომ განმარტა, რომ მთლიანად დადასტურებულად მიაჩნია გაფლანგვის ნაწილში, რომ თანხა გადასცა ხიზანიშვილმა სურმავას, უბრალოდ განმარტა, რომ კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმება გაფლანგვას, რათა თანხა არ იმყოფებოდა ხიზანიშვილის მართლზომიერ მფლობელობაში და ეს ქმედება მიცავს უფლებამოსილების გადამეტებას და უფლებამოსილების გადამეტებით მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა. მიგვაჩნია, რომ მთლიანად დადასტურდა ყველა წარდგენილი ბრალდება, უბრალოდ ერთ-ერთ ეპიზოდში ეს გაფლანგვის ეპიზოდია სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორად იყო კვალიფიკაცია მიცემული. ხიზანიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას და გაფლანგვას ვედავებოდით. უფლებამოსილების გადამეტებას უკანონო ჩანაწერების ატვირთვისათვის ვედავებოდით. ხიზანიშვილმა არ უარყო რომ ეს თანხა მან ამოიღო შსს ს დაცული სეიფიდან და მისცა ბესარიონ სურმავას. ლევან ქარდავას მიმართაც წარდგენილი მუხლი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. ასევე 2 ეპიზოდით იყო ბრალდებული ვაჟა ლელუაშვილი უფლებამოსილების გადამეტება და კომპიუტერული ვირუსის შექმნა, რასაც ვედავებოდით ფაქტობრივად ყველაფერი დადასტურდა. ერთადერთი ხიზანიშვილის მუხლის კვალიფიკაციააში შესწორება შეიტანა. როცა ჩაგვბარდება განაჩენი, თუ მივიჩნევთ, რომ გაფლანგვის გადაკვალიფიცირების ნაწილში არ არის დასაბუთებული გავასაჩივრებთ. რაც შეხება სასჯელის ზომას, ადეკვატურია იმ დანაშაულის გათვალისწინებით, რაც მათ ჩადენილი აქვთ”, – განაცხადა ლევან ადეიშვილმა.
შოთა ხიზანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმებიან, თუმცა მაინც გამარჯვებად მიიჩნევენ ვინაიდან ხიზანიშვილი ყველაზე მძიმე მუხლში გამართლდა, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, მოსამართლემ გაფლანგვა უფლებამოსილების გადამეტებად გადააკვალიფიცირა, უფლებამოსილების გადამეტების პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება კი რომელიც ბრალდების მტკიცებით, უკანონო ჩანაწერების ატვირთვაში გამოიხატა ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ მოუხსნა მოსამართლემ.

განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ ხიზანიშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მამუკა ჭაბაშვილი განაჩენს სასჯელის ნაწილშიც არ ეთანხმება და ამბობს, რომ უფლებამოსილების გადამეტება ჯარიმასაც ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“სავალდებულო გაწვევის გაუქმება კატასტროფა ნამდვილად არაა, თუკი ეს ჯდება გააზრებულ პოლიტიკაში”
შემდეგი სტატია“საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება”