პროკურატურა გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

მთავარი პროკურატურა უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის ინიციატივით, გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის პროკურატურასთან კომუნიკაცია განხორციელდა.

„პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, უწყება გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგებთან ინტენსიურ კომუნიკაციას განაგრძობს, რათა მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა არ განხორციელდეს.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.