პრეზიდენტის შეთავაზებაში ბუნდოვანი არაფერი ყოფილა – ჩიხრაძე უმრავლესობას პასუხობს

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბუნდოვანია. უმრავლესობის ლიდერის განცხადებას პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გამოეხმაურა.
ჩიხრაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაში, არც ადრე და არც ამ ეტაპზე, ბუნდოვანი არაფერი ყოფილა.
”ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ ვერთვებოდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, თუმცა ვაპირებდით ჩართვას საერთო-სახალხო განხილვების ეტაპზე. ჩვენ პარლამენტისგან ველოდებით შემოთავაზებას, თუ როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი და რა შემადგენლობით იქნება კომისია. როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას განსაზღვრავს შემოთავაზებული ფორმატი. პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება კომისია, მუშაობა და შემადგენლობა და ამის შემდეგ იქნება ჩვენი პოზიცია გაცხადებული. ჩვენ შეთავაზებაში არაფერი ბუნდოვანი არ არის, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში. ველოდებით პარლამენტისგან შემოთავაზებას, თუ როგორი იქნება ეს შემოთავაზება, რა წესი განისაზღვრება კომისიის მიერ, ეს არის კომისიის გადასაწყვეტი. ეს შეთავაზება იცის მმართველმა ძალამ და თავად მათი მხრიდანაც იყო განცხადებები, რომ კარგია, რომ პრეზიდენტი განხილვებში აპირებს ჩართვას. პრეზიდენტის კამპანიაც ემსახურებოდა, რომ საზოგადოება უფრო მეტად ყოფილიყო მომზადებული განხილვებისთვის და არ ყოფილიყო ფორმალური, როგორც ეს ადრე ხდებოდა” – განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია“კონგრესმენების წერილი გახლავთ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტური“- ჯანელიძე