პრეზიდენტი: ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში პირადად ჩავერთვები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ პროგრამის ახალი პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტი იმ წამოწყებას მიესალმება, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და აცხადებს, რომ პირადად ჩაერთვება იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც სამამულო წარმოებას შეუწყობს ხელს.

„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებაში არსებულ ინიციატივას, რომელიც სწორედ ქართული პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული და მინდა დაგარწმუნოთ აქ მყოფი ბიზნესმენებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად – პირადად მე და ადმინისტრაცია, ვიქნებით ჩართული ეროვნული პროდუქციისა და წარმოების წახალისებაში; იმაში, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს ორიენტირებული სწორედ ჩვენი ეროვნული პროდუქციის შეძენასა და წარმოების გაძლიერებაში“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებზე პასუხი, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, არსებული ეკონომიკური მდგომრეობისა და ეკონომიკური ვითარების დაძლევაში – დასაქმების გაზრდაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, იმ ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობაშია.

„ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ძალიან ეფექტური ჯანდაცვის პროგრამა, თუ არ იქნება მეტი შემოსავლები. ჩვენ ვერ შევძლებთ გავაღრმავოთ ჩვენი ინვესტიციები განათლებაში, ჩვენ ვერ შევძლებთ უფრო ინტენსიურად დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტურად, თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობები.

შესამაბისად, პასუხი უმრავლეს კითხვაზე, უმრავლეს გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, სწორედ ჩვენი ბიზნესის გაძლიერებაშია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები – „აწარმოე საქართველოში“, ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, „სტარტაპ საქართველო“ და სხვა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის დაჭრის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგუკა რჩეულიშვილი პროკურორებს: ყველანაირად ვცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის პირობა შეგექმნათ