პრეზიდენტ ტუსკის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ახალი ფორმატის შეხვედრას, როგორც ევროკავშირის მხრიდან გამოხატულ მზაობას -ახალ დონეზე აიყვანოს საქართველოსთან ურთიერთობები.

„შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის დინამიკა და ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალი ფორმატის კონტექსტში წამყვანი როლი აქვს ევროკომისიას და მის პრეზიდენტს, პრეზიდენტ ტუსკის მხრიდანაც აღინიშნა, რომ სწორედ ეს ახალი ფორმატი ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას – საქართველოსთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე, ახალ დონეზე აიყვანოს და მეტი დინამიკა შესძინოს ჩვენს სექტორალურ ინტეგრაციას ევროკავშირთან“- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეხვედრის შეფასებისას.

ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ტუსკს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, რაზეც გამოიხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. “ხაზი გაესვა იმ ფაქტორს, რომ მნიშვნელოვანია და ასევე მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის როლის გაძლიერება და მისი მეტი ჩართულობა, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ასევე იმისათვის, რომ მუდმივად და რეგულარულად ხაზი გაესვას საქართველოს თემატიკას ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა , რომ ის ჩართული იქნება სამშვიდობო ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, დონალდ ტუსკმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა არჩევნების პირველი რაუნდის შედეგები და არჩევნების წარმართვის პროცესი „რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საარჩევნო პროცესში , აღნიშნული საკითხი იყო ასევე ევროპული მხარის ინტერესის სფერო. ბატონო ტუსკი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს კამპანია მეორე რაუნდამდე . ნამდვილად ძალიან პოზიტიურად შეაფასა პირველი რაუნდის შედეგები და ის პროცესი, როგორც ის წარიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა ბოლო პერიოდში არჩევნების ჩატარების კუთხით და რა თქმა უნდა გამოთქვა იმედი, რომ ასე ვთქვათ, მსგავსი სულისკვეთებით ჩატარდება მეორე რაუნდიც“-განმარტა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე, არის ძალიან არასწორი ნაბიჯი“
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო“