,,პრემიერმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება”

პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება, – ამის შესახებ „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც „აუდიტორია 115“-ის წევრები გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.

როგორც ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, შეხვედრა პოზიტიური შინაარსის იყო.

„პრემიერ-მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება. ცხადია, დისკუსიის ფონზე, მაგრამ დაიწყება. ჩვენი მოკლევადიანი გეგმა არის ის, რომ თვითმმართველობის ცალკე მდგომი სტრუქტურა გაუქმდეს, დარჩეთ მათ ფუნქცია მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის, აკადემიური საბჭოს გაფართოება, რექტორის არჩევის წესის ცვლილება. ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს რექტორად კენჭისყრის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს. არსებობს პოზიტიური განწყობა, უბრალოდ, პრემიერმა გვითხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, სხვებიც არსებობენ, მათაც უნდა შევუთანხმდეთო. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ მან ცალკე დისკუსია აწარმოოს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, „აუდიტორია 115“ აქვს გრძელვადიანი მოთხოვნები, ესენია: უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაზრდა, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსების საკითხები.

ლორთქიფანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი მზადაა, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც აკადემიური წრეები, სხვადასხვა ადამიანები ამ პროცესში იქნებიან ჩართულები და გრძელვადიანი რეფორმის დაზუსტება-დახვეწაზე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მესამე საკითხი იყო სუს-ისა და ”ოდეერების” საკითხი.

„ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვებრძვით უსაფრთხოების სამსახურებს, ისინი უნდა არსებობდნენ და ქვეყანაში წესრიგს უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ”ოდეერები” შიდა საკითხებში და დემოკრატიულ პროცესებში არ უნდა ერეოდნენ. ამაზეც მას პოზიტიური განწყობა ჰქონდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ელოდებიან მომავალ შეხვედრებს.
გარდა ამისა, ლორთქიფანიძის თქმით, შეხვედრაზე მათ პრემიერს ზეწოლის კონკრეტული მაგალითები დაუსახელეს და კვირიკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ ამას გაარკვევს.

„მან პოზიტიური განწყობა გამოხატა უშიშროების სამსახურების მიმართ, მაგრამ დაგვპირდა, რომ ამას გაარკვევს“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, „აუდიტორია 115“ ამ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გარანტიით, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ნების პირობებში.

banner
წინა სტატიაშიგირჩის ახალი ოფისი ჩუღურეთში გაიხსნა
შემდეგი სტატიაოპერის თეატრში 23 აპრილს ორი რეკვიემის პრემიერა შედგება