პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა.

მთავრობის განკარგულებით, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება. საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 28 ფიზიკურ პირს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხაანში, მათსავე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახლები.

banner
წინა სტატიაშიანტონიო გუტერეში სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებისას – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად
შემდეგი სტატიახარკოვში დაბომბვას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები