ფრაქცია „ქართული ოცნება” გუშინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 13, 2018 19:45

ფრაქცია „ქართული ოცნება” გუშინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, არამხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ მთელს ქვეყანაში.

სხვა სტატიები

ფრაქცია „ქართული ოცნება” – რეგიონების განვითარებისთვის პლენარულ სხდომაზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, არამხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ მთელს ქვეყანაში.

,,ფრაქცია „ქართული ოცნება” – რეგიონების განვითარებისთვის სახელით, ვეხმაურებით 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. პირველ რიგში, კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არამხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ თითოეულ საარჩევნო ოლქში და მთელს ქვეყანაში!

ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს კოლეგებს და რა თქმა უნდა, ოპოზიციის წევრებს, პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს და მკაცრად ვიცავთ საპარლამენტო ეთიკის ნორმებს. შესაბამისად, ყველას და განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოვუწოდებთ ანალოგიური ქცევისკენ.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, რომელიც ჩვენი ფრაქციის რამდენიმე წევრის მისამართით გაისმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიერ – გვაქვს მხოლოდ ერთი დასკვნა და პასუხი: ფაქტია, ჩვენი მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული აგრესიით თავს ესხმიან იმ ოლქებს, სადაც როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, უპირობო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს კამპანია მიმდინარეობს გამარჯვებული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით!

ამასთანავე, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ ოპონენტების მხრიდან ყოვლად დაუსაბუთებელ თავდასხმას ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარზე, ბატონ ენზელ მკოიანზე, ხოლო მეორეს მხრივ, მოვისმინეთ გაურკვეველი მუქარა დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, ბატონი კახა ოქრიაშვილის მისამართით.

ჩვენი შეფასებით, ეს არის თავდასხმა არამხოლოდ კონკრეტულ ოლქებსა და გამარჯვებულ მაჟორიტარებზე, არამედ თავდასხმა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, როგორც მაჟორიტარებისთვის. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიოს ქვეყნების ორ-მესამედში სწორედ შერეული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებია აპრობირებული და ეფექტურადაც მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 13, 2018 19:45