ფოთისა და ხობის ეპარქიამ რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო

ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი , მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო.
,,ეპარქიის სასულიერო პირების კრებამ იმსჯელა კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევებზე, მიიღო დადგენილებები, რომელსაც გაგაცნობთ: პირველი პუნქტი – შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. მეორე -ზიარების წესი დარჩება უცვლელი,მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. მესამე -იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით, თითოეული მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით. მეოთხე -ეპარქიის თითოეულ ტაძარში, ყოველ კვირას წირვის მსახურებას მოებმება წყლის კურთხევა, ეგრეთწოდებული მცირე აიაზმა. მეხუთე – ჯვრის თაყვანისცემის კვირას 12 საათზე, ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის წყალკურთხევის შენობაში შესრულდება დიდი აიაზმა. მეექვსე -ეპარქიის ტაძრებში მონაცვლეობით ყოველ ხუთსაბათს 12 საათზე შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო. მეშვიდე- თითოეულ ტაძარში ყოველდღიურად შესრულდება სავედრებელი ლოცვა, პარაკლისი“- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მდივანმა, დეკანოზ ამბროს ხოშტარიამ.

მეუფე გრიგოლმა შეხვედრა კი ისე დატოვა,რომ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშირას ყვებიან ზუგდიდელი კლასელები ქვეყნის მთავარ ვირუსოლოგ თენგიზ ცერცვაძეზე
შემდეგი სტატიასოხუმის მამაც დამცველთა ხსოვნის პატივმიგება