რას ყვებიან ზუგდიდელი კლასელები ქვეყნის მთავარ ვირუსოლოგ თენგიზ ცერცვაძეზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საშუალო სკოლა. კლასელების თქმით, თენგიზი სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო. „იგი იყო სკოლის თვალის ჩინი, გამორჩეული მოსწავლე, უზომოდ განათლებული, მეგობრული, კეთილშობილი ბუნების. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის დირექტორი შოთა ხუბულავა, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ. არც ერთი ღონისძიება არ ჩაივლიდა თენგიზის მონაწილეობის გარეშე, მას იგი შვილებისგან გამორჩეული…“,- ყვება ცერცვაძის თანაკლასელი თეონა კეიდია.
„აბა როგორ გითხრათ, თენგიზის მშობლები ზუგდიდში ცნობილი ექიმები იყვნენ და ეს ერთადერთი შვილი ჰყავდათ, რომლის განათლებაში ჩადეს ყველაფერი. ნიკოლოზ(კოლია) ცერცვაძე ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცნობილი ყელ-ყურის ექიმი გახლდათ, ხოლო- დედა – ია კუხალაშვილი, ე.წ “სანეპიდ სადგურში” მუშაობდა, რაიონში ცნობილი ინფექციონისტი იყო. ცხოვრობდნენ ექიმ პეტრე უბერის სახელობის ქუჩაზე და ყოველდღე თენგიზის მამა გადიოდა ჩემი სახლის წინ. ასეთი დაფასებული ექიმის დანახვა უბნისთვის ერთგვარი ზეიმი იყო. თენგიზის მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით ზუგდიდში სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში“, – გვიყვება თეონა კეიდია.
თენგიზ ცერცვაძეს ასევე დამთავრებული აქვს ზუგდიდის მუსიკალური შვიდწლედი. „ ჩვენ ერთად ვსწავლობდით მუსიკალურ სკოლაში, ბრწყინვალე ნიჭი ჰქონდა მუსიკის“, – გვითხრა ზუგდიდის მუსიკალური სკოლის დირექტორმა მზია მატკავამ.
წლების წინ კლასელები სულ იკრიბებოდნენ ნანა კრავიშვილის სახლში, რომელიც თენგიზის კლასელია. „აქ იკრიბებოდნენ ზუგდიდის მედიკოსები და მიდიოდა მსჯელობა მედიცინის სიახლეებზე… განსაკუთრებით თენგიზ ცერცვაძე ხელს უწყობს ახალგაზრდებს და მათ საზღვარგარეთ უშვებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ძალიან შეუწყო ხელი კლასელის კოტე ქარჩავას შვილს – მარიკა ქარჩავას, რომელიც ცნობილი ექიმია დღეს თბილისში და არა მარტო…“, – ამბობს თეონა კეიდია.
თენგიზ ცერცვაძის კლასელი ნანა კრავიშვილი მას გენიოსად მოიხსენიებს. „ბრწყინვალე მეგობარი, ვინც არ უნდა მიიყვანო მასთან, მნიშვნელობა არ აქვს, თხოვნაც არ სჭირდება, ის მის გადარჩენაზე იწყებს ზრუნვას, მისთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლე და მას ის უანგაროდ აკეთებს. ბოლოს კლასელის კოტე ქარჩავას გასვენებაზე, ორი წლის წინ იყო ჩამოსული“, – გვიყვება ნანა კრავიშვილი.კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იუბილარია. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, იმუნოლგი დღეს 72 წლის გახდა.

“თაიმერი” ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიპრემიერის გადაწყვეტილებით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაფოთისა და ხობის ეპარქიამ რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო