ფოფხაძე : შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები ლეგიტიმურად ჩნდება

პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ლეგიტიმურად ჩნდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა შეწყალების კომისიას და პრეზიდენტს ისე ემუშავათ ამ საკითხთან მიმართებაში, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო.

„საკითხი, რაც ეხება შეწყალებას, არახალია, ძველია. კითხვის ნიშნები ყოველთვის იმის გამო იყო – რატომ იწყალებ ერთ ადამიანს, როცა უფრო მაღალი სტანდარტია სხვა პირის მიმართ და მისი შეწყალება არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს კითხვებს ბადებს და კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო, რომ ეს არ ყოფილიყო სუბიექტური, შინაგანი რწმენის საფუძველზე გაკეთებული და უფრო მეტად ყოფილიყო დასაბუთებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, მსგავსი დასაბუთება შეწყალების ყველა აქტს უნდა ერთვოდეს. მისი საშუალებით, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები იქნება, რატომ მოხდა კონკრეტული პირის შეწყალება.

„თუ ასეთი დასაბუთება დაერთვებოდა შეწყალების ყველა აქტს, მაშინ უფრო იოლი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმის ახსნა, რატომ ხდებოდა ერთი ადამიანის შეწყალება და არა იგივე კრიტერიუმების მქონე, ან შეიძლება იმ პირის შეწყალება, ვინც მეტად იმსახურებდა ამას“, – განაცხადა ფოფხაძემ.

გაირკვა, რომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და პრეზიდენტმა შეიწყალა. შეწყალების შედეგად სასჯელის გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა. 13 აპრილს ბაქრაძემ ყელის არეში ჭრილობები ყოფილი მეუღლის შვილს მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ბაქრაძის შეწყალების საკითხზე გუშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაქრაძის საქმეს თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება. ამასთან, მისი თქმით, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

banner
წინა სტატიაშიRMG Gold-ს დამატებით 100 000 კვ.მ ტერიტორია გადაეცა – დმანისის გადარჩენის ფონდი ქუმსიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს