ფინეთის პრეზიდენტი – უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსებს ესმით ის, რომ მათი „შესაძლებლობის ფანჯარა“ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაიხურება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას ახლავე დავეხმაროთ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებმა უკრაინას შესაბამისი მხარდაჭერა უახლოეს თვეებში უნდა აღმოუჩინონ, რათა რუსეთმა მოსალოდნელი შეტევის შედეგად მნიშვნელოვან წარმატებას არ მიაღწიოს.

მისივე თქმით, ევროპამ რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის შესახებ ნაკლები უნდა ისაუბროს და უფრო მეტად მოემზადოს.

„აგრესიული საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი მე-5 მუხლის გამოცდას აპირებს და ევროპა შემდეგია, ცოტათი მაწუხებს. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ევროპულ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად ფინელები გახდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მომზადებულები გახდნენ. ჩვენ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ, რათა იგი თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ვემზადებით ახალი გაფართოებისთვის, ზოგიერთი მზად არის სწრაფი წინსვლისთვის, ზოგს ნელი სვლა სურს, ზოგიც ყოყმანობს
შემდეგი სტატიახელისუფლების უზურპატორების ადგილი ევროკავშირში არაა – გვარამია