ფინანსთა სამინისტრო – თუ არ დადასტურდება ვასილ სოფრომაძის ბრალდებები, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ სამართლებრივ გზას

თუ ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, უწყება იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია, გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილი არიან როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.

„შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მისი ბიზნესის ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე, სამინისტრო აცხადებს, რომ მისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

„სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.

„აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.

შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს“, – აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ თუ ბრალდებები არ დადასტურდა, სამართლებრივ გზებს მიმართავს

banner
წინა სტატიაშიევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის წარმომადგენელი-მესმის საქართველოს სურვილი, იდგეს ევროპულ გზაზე
შემდეგი სტატიაფოთის ერთადერთი სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა