ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის წარმომადგენელი-მესმის საქართველოს სურვილი, იდგეს ევროპულ გზაზე

მესმის საქართველოს სურვილი, იდგეს ევროპულ გზაზე, ამ საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფორმები, რომელიც მთავრობამ უნდა გაატაროს, – ამის შესახებ ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის წარმომადგენელმა, ლორენს მერედიტმა განუცხადა.

მისი თქმით, ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი ძლიერი მომავლის საფუძველს იძლევა.

ლორენს მერედიტის შეფასებით, ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე შეხვედრა ნაყოფიერი იყო, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, მათ შორის სფეროებს, სადაც საქართველოს მეტი მუშაობა მართებს.

„საბჭოს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო. ხაზი გაესვა მიმართულებებს, რომლებმაც ხელშესახები პროგრესი განიცადეს და მათ, რომლებსაც მეტი მუშაობა სჭირდება. მაგალითად, ასეთია, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა. უნდა ითქვას, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძალიან ამბიციური დღის წესრიგია, ეს რეფორმების გრძელი და მძიმე გზაა, რაც პირველ რიგში, საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი. უნდა აღვნიშნოთ პროგრესიც, რასაც მივაღწიეთ, მათ შორისაა ევროკავშირში საქართველოდან მზარდი ექსპორტი“, – განაცხადა ლორენს მერედიტმა.

მისი თქმით, ბრიუსელის ქუჩებში უკვე შესაძლებელია ისეთი ქართული პროდუქტების შეძენა, რომლებსაც აქამდე ევროპულ ბაზარზე წვდომა არ ჰქონდა, მაგალითად, ქართული თაფლი, შავი ზღვის თევზი.

„ეს ნამდვილად დიდი ნაბიჯია, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი გვაძლევს საფუძველს, რომ ერთად ძალიან ნათელი და ძლიერი მომავალი გვქონდეს“, – აღნიშნა მან

ბრიუსელში 5 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების შედეგები დროულად უნდა იყოს, რადგან სპეკულაციები აზიანებს ბანკს, სტრატეგიულ პროექტსა და პროცესების აღქმას ქვეყანაში
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრო – თუ არ დადასტურდება ვასილ სოფრომაძის ბრალდებები, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ სამართლებრივ გზას