ფინანსთა მინისტრმა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ“ ხელი მოაწერა

იაპონიაში, ქ. კიოტოში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) პირველი ინკლუზიური პლატფორმის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას.
აღნიშნული შეთანხმება შემუშავებულ იქნა OECD/ G 20 BEPS-ის სამოქმედო გეგმის, კერძოდ მე-13 ღონისძიების (გარიგების შეფასების დოკუმენტაცია და ქვეყნების მიხედვით ანგარიშების წარდგენა) განხორციელების მიზნით.

საქართველოსთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოთხმა სახელმწიფომ (კორეა, არგენტინა, ურუგვაი და კურასაო). შედეგად, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შეთანხმებას ხელი მოაწერა 44-მა სახელმწიფომ.

აღსანიშნავია, რომ BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად.

პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ღონისძიებათა სრული პაკეტი წარდგენილ იქნა დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისათვის ლიმაში 2015 წლის 8 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე და შემდგომ, დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებისათვის ანტალიის სამიტზე.

პაკეტი მოიცავს 15 ღონისძიებას, როგორიც არის ღონისძიება 3 – კონტროლირებული უცხოური კომპანიების (СFC) წესების გაძლიერების შესახებ; ღონისძიებები 8-10, რომლებიც ეხება ღირებულების შექმნასთან გარიგების შეფასების (Transfer Pricing) შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფას; ღონისძიება 15, რომელიც ითვალისწინებს მრავალმხრივი ინსტრუმენტის შემუშავებას ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის დაჩქარების უზრუნველსაყოფად და სხვა.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან.

2016 წლის 16 ივნისს, საქართველო მიუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი, რომლის მიზანია, BEPS-ით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია. ასევე, BEPS-ის პროექტის დაწყებისთანავე, საქართველო მონაწილეობს ფისკალურ საქმეთა კომიტეტსა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, როგორიც არის – პირველი (საგადასახადო შეთანხმებები) და მე-6 (გარიგების შეფასება) სამუშაო ჯგუფები, აგრეთვე BEPS-ის პროექტის მე-15 ღონისძიების იმპლემენტაციაზე მომუშავე სპეციალურ სამუშაო ჯგუფი (ad hoc Group on Multinational Instrument).

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრია.

banner
წინა სტატიაშირუსული პრესა: იგორ გიორგაძემ შესაძლოა 8 ოქტომბრის არჩევნებში კენჭი იყაროს
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერის სავარძლისთვის ბრძოლაზე უარი თქვა