ფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს სესხების „გალარების“ პროგრამაში მონაწილეობას ურჩევს

2017 წლის 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, რომელიც საუბრობს ამ პროგრამაში გათვალისწინებულ დეტალებზე და იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც გალარების პროცესი შეეხებათ:

„პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ იმ პიროვნებებს, ვისაც 2015 წელს მთლიანი შემოსავალი ჰქონდათ 100 ათას ლარზე ნაკლები, ანუ მაღალშემოსავლიანი ფენებისთვის ეს პროგრამა არ გავრცელდება და ასევე არ გავრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, ვისი სესხიც დღეისათვის არის 100 ათას აშშ დოლარზე ან მის ექვივალენტზე მეტი.

აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი. ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 61% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 26%-სთვის 2012 წლის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა