პედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს, დაწყებით და საშუალო კლასებში ბავშვებს ცხოვრებისეულ ურთიერთობებზეც ესაუბროს

განათლების სამინისტრო განათლების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის წერილობით ვერსიას დაახლოებით ორ-სამ კვირაში წარადგენს.

როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტრატეგიის პირველი ნაწილი მოკლევადიანია და შედეგს მოიტანს მომავალი წლისთვის, ღონისძიებების კიდევ ერთი ჯგუფი გათვილიია 2018-19 წლებისთვის და მესამე ჯგუფი, რომელიც შედეგს 2020 და შემდეგი წლების განმავლობაში მოიტანს.

„ამ მხრივ ბევრი მიმართულებაა – ბაღი, სკოლა, პროფესიული სწავლება, უნივერსიტეტები, მეცნიერება. თითოეულ მათგანში კი გეგმები არის დამოუკიდებელი. მაგალითად, თავად სკოლაში არის რამდენიმე პრობლემა. ერთი პრობლემა მგონია რომ არის თვითონ სკოლის დანიშნულება და სკოლის კონცეფციის, მიზნის გააზრება. დღევანდელი სკოლა არის მისადაგებული რომ ბავშვმა ჩააბაროს გამოცდები, არადა მთელს მსოფლიოში სკოლის მიზანია ბავშვი მოამზადოს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მე იმის მომხრე ვარ, რომ სკოლა განვიხილოთ ცხოვრებისთვის მომზადებისთვის. აქედან გამომდინარე სკოლის პროგრამა იქნება თუ პროექტები, ამაზე უნდა იყოს მისადაგებული.

მინისტრის განცხადებით, ევროპასა და ამერიკაში შუა კლასებში ბავშვებს მინიმალურად ტვირტავენ დავალებებით, ჩვენთან კი ამ ასაკის ბავშვები ძალიან დატვირთულები არიან.

„მაგალითად იგივე წილადები, პირობითად თუ უნდა გაგვევლო სამ გაკვეთილზე, ის გაიწერება ოთხ გაკვეთილზე, რომ მეტი დრო ჰქონდეთ ბავშვებს იმავე მასალის ასათვისებლად შუა კლასებში. ეს არის მთავარი რაც შეიცვლება. რა უნდა დარჩეს საგანში და რა ამოვიდეს, ეს უკვე სპეციალისტების გადასაწყვეტია. ანუ ლაპარაკია, რომ მეტი დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს. ეს გამოიწვევს უკეთ ათვისებას, ნაკლებ სამუშაო დავალებას, ჩანთის შემსუბუქებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ პედაგოგს მეტი საშუალება ექნება ბავშვებს საშინაო დავალების გარდა ესაუბროს ნებისმიერ საკითხზე და აი აქ არის ცხოვრებისთვის მომზადების საკითხი. პედაგოგს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაწყებით და საშუალო კლასებში არა მარტო ქიმიის ან ბიოლოგიაზე ესაუბროს ბავშვებს, არამედ ცხოვრებისეულ ურთიერთობის საკითხებზე. ამისთვის კი სჭირდება დრო და ეს დრო ექნება. სკოლა უნდა გახდეს ორიენტირებული პიროვნების აღზრდაზე. ამასთან, იმას რასაც ამოვაკლებთ მე-7 კლასში, ჩავამატებთ მე-12 კლასში. ანუ საუბარი არ არის, რომ აღარ ისწავლოს, საუბარია როდის ისწავლოს“,- აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლები მშობლებთან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის დამატებით კრედიტებს მიიღებენ
შემდეგი სტატიამასწავლებლის კვალიფიკაცია, მხოლოდ საგნის ცოდნას არ ნიშნავს