“პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობა შეწყვიტა

“პატრიოტთა ალიანსმა” შიმშილობის აქცია შეწყვიტა. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილისა და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” შიმშილობას შეწყვეტს.
შიმშილობის შეწყვეტის შესახებ ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმაც დაუდასტურა, რომელიც პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების საკუთარ ვარიანტს სთავაზობს. ინაშვილის თქმით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, “პატრიოტთა ალიანსი” შიმშილობას და საპროტესტო აქციებს გაზაფხულიდან განაახლებს.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდებოდა და უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლას. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება საგარეჯოს არჩევნების მაგალითს აღარ გაიმეორებს და 2016 წლის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ აღვკვეთთ ვერც შიმშილობას, ვერც საპროტესტო აქციებს, რაც გაზაფხულიდან აუცილებლად დაიწყება”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებს, ინაშვილის განმარტებით, ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული რესურსები შეიზღუდება, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გარკვეული სახის სანქციები შეეხებათ.
ასევე, ინაშვილი ცვლილებით ითხოვს, რომ ცესკოში “პატრიოტთა ალიანსს” წარმომადგენლობა ჰყავდეს. “ცვლილების მიხედვით, ვერც ერთი გამგებელი, მერი, პოლიციის უფროსი ვეღარ მოახერხებს არჩევნებში პირდაპირ ჩარევას, ამომრჩეველზე ზეწოლას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. არის კიდევ სხვა ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტში განვიხილავთ”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართელოსთვის საშიში შედეგები ექნება
შემდეგი სტატიარუსეთმა შესაძლებელია თურქეთში ფრენები მოხსნას