პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს საქართველოსა და მსოფლიოს დამშვიდება შეავედრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა ნიკოლოზს საქართველო და მთელი მსოფლიო შეავედრა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია დასრულდა, რის შემდეგ პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ წმ. ნიკოლოზი საქართველოს და ქართველი ერის დიდი მფარველია და მას “ყოველთა ქართველთა დიდი კათალიკოსი” უწოდეს. უწმინდესის თქმით, წმინდა ნიკოლოზი თავისი სიყვარულით, მოწყალებით გამორჩეულია და განსაკუთრებით გაჭირვებულებს ეხმარება. უწმინდესმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზის ეპისკოპოსად არჩევა და მთელი მისი ცხოვრება სასწაულებრივი იყო. პატრიარქის თქმით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ხატთან გულით ილოცებს და მღვდელთმთავარი მას არ შეეწიოს.
“დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, გარკვეული პერიოდი ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურებდა და მრავალი სასწაული უნახავს მისგან.
პატრიარქმა მადლობა შესწირა წმინდა მღვდელთმთავარს მისი დიდი წყალობისათვის.
მსახურების ბოლოს უწმინდესმა მღვდელთმთავარი ანდრია დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
“მრავალ ნიკოლოზობას დაგასწროთ ღმერთმა და ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენდეთ”, – ბრძანა უწმინდესმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ფანჯიკიძე უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ივნისისთვის ელოდება
შემდეგი სტატიაოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა