პატრიარქი: დღეს არის ბედნიერი დღე – ვაკურთხეთ ტაძარი, რომელიც პატიმრებმა ააშენეს

news
ავტ.: news დეკემბერი 16, 2016 18:08

პატრიარქი: დღეს არის ბედნიერი დღე – ვაკურთხეთ ტაძარი, რომელიც პატიმრებმა ააშენეს

ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესტუმრნენ.

ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დალოცა და მათ წმინდა ნიკოლოზის ხატი, ასევე, საქართველოს ერისა და ეკლესიის ისტორიის ტრილოგია აჩუქა.

გარდა ამისა, მისმა უწმინდესობამ 125 მსჯავრდებულს საპატრიარქოს სიგელები გადასცა, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

„დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენმა სულიერმა შვილებმა, პატიმრებმა ააშენეს. მათ გამოიჩინეს საოცარი სულიერი სიმაღლე და ეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ეს ტაძარი იმისათვის აშენდა, რომ თუ იქნება ამის საშუალება, აქ ყოველდღე წირვა-ლოცვა შესრულდეს. მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში და ერთი აგური მაინც დადო. მინდა, ასევე, დიდი პატივისცემით დავლოცო მინისტრი, ბატონი კახა და მისი თანამშრომლები”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და შვიდი თვე გრძელდებოდა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქსა და საპატრიარქოს, ვინაიდან ჩამობრძანდნენ და საზეიმო ვითარებაში გავხსენით წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. რწმენა ყოველთვის აძლიერებს ადამიანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პატიმრები უფრო მეტად გაღრმავდებიან რწმენაში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და სამრეკლო დაათვალიერებინა.

news
ავტ.: news დეკემბერი 16, 2016 18:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics