პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი, გია გულორდავა უქმე დღეებს საკუთარ ოჯახებში ატარებენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი, გია გულორდავა უქმე დღეებს საკუთარ ოჯახებში ატარებენ.

უწყების განმარტებით, უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ დაბალი, ან საშუალო რისკის პატიმრები, რომელთა ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა ერთ წელს არ აღემატება.

„N16 პენიტენციური დაწესებულება არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი.

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს. პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია, გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება.

პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვრა.

ნორმის ამოქმედებიდან დღეის ჩათვლით სულ 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით. ამჟამად აღნიშნული ნორმით სარგებლობს 10 მსჯავრდებული.

სასჯელის მოხდის პერიოდში მოცემული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი“,- განმარტავენ უწყებაში.

ზუგდიდის მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაზე შარშან დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება -ანრი ოხანაშვილი
შემდეგი სტატიადენიელ ბალსონი: ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს