წმენდა თავისუფალ დემოკრატებში – საარჩევნო კომისიებიდან 385 წევრი გამოიწვიეს

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან 385 წევრი გამოიწვია.

ამის შესახებ ,,თაიმერთან”  საუბრისას, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ კეკენაძემ, განაცხადა.

30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50 ოლქში იმართება, აქედან 21-ში თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები კომისიის წევრებს შორის აღარ იქნებიან. დღეს პარტიის ცენტრალური ოფისიდან საოლქო-საარჩევნო კომისიებში წერილი გაიგზავნა წევრების გამოწვევის შესახებ.

“გვაქვს ეჭვი, რომ კომისიის წევრებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს არასათანადოდ იმუშავეს და გარიგებულები იყვნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათი გამოწვევის შესახებ. ეს არის არჩევნების მეორე ტურის წინ პრევენციული ნაბიჯი,” – აცხადებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ კეკენაძე.

შეგახსენებთ, საუბნო-საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლების არასათანადო მუშაობის შესახებ განცხადება თამარ კეკენაძემ 16 ოქტომბერსაც გააკეთა, მისი თქმით პარტიის წარმომადგენლები საუბნო-საარჩევნო კომისიებში ბიულეტენებს ქართული ოცნების სასარგებლოდ განზრახ აფუჭებდნენ, რათა შემდეგ მათი გაბათილება მომხდარიყო.

“ჩვენ მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ ხდებოდა ბიულეტენების გაბათილება. ხანდახან მათ ავიწყდებოდათ ბეჭდის დარტყმა. ეს ეხებოდა ჩვენს ბიულეტენებს, ასევე სხვა წარმომადგენლების ბიულეტენებს. მე მაქვს ეჭვი, რომ ისინი იყვნენ გარიგებულები. ეს იყო რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ,” – აცხადებდა კეკენაძე.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს
შემდეგი სტატიადიმიტრი შაშკინი : თავდაცვის სამინისტროში არის სრული ბარდაგი