,,პარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა”

„ჩვენ არასდროს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა სასამართლოს საქმიანობაში არ ჩაერევა.

პრემიერმა განცხადება დავოსში გააკეთა, სადაც ის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. მამუკა ბახტაძის თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შესარჩევად პარლამენტის მიერ კრიტერიუმები გაიწერება, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება.

მამუკა ბახტაძე „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიაში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს.

„პარტიაში მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი. პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა ამის შესახებ, რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა პრინციპული განაცხადი ამის შესახებ, რომ ბუნებრივია, კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასდროს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. საქართველოში ჩვენ ეს დრო დავასრულეთ 2012 წელს, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამ წუთებში როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მართველი გუნდის დეპუტატები უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა, საკუთარ პოზიციებს ბიძინა ივანიშვილს აცნობენ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს 28 იანვარს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს
შემდეგი სტატიათავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს