პარლამენტში კარტელური გარიგებების წინააღმდეგ შოთა შალელაშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა

12 დეკემბერს პარლამენტში კარტელური გარიგებების, ხელოვნური მონოპოლიების და მოსახლეობის გაღარიბების წინააღმდეგ ყოფილი პარლამენტარის შოთა შალელაშვილის მიერ მომზადებული 22-პუნქტიანი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა.

“გატყობინებთ, რომ ჩემს მიერ მომზადებული 22-პუნქტიანი საკანონმდებლო წინადადება კარტელური გარიგებების, ხელოვნური მონოპოლიების და მოსახლეობის გაღარიბების წინააღმდეგ, 12 დეკემბერს დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტში, ჯერი უკვე საპარლამენტო ძალებზეა.

მჯერა, თითოეული დეპუტატი სწორ შეფასებას მისცემს წარდგენილი პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მინიმიზდეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ინფლაცია და მოსახლეობის კეთილდღეობის დონემ რეგრესის ნაცვლად დაიწყოს პროგრესისკენ ზრდა. მჯერა, დეპუტაცია იზიარებს მოსაზრებას, რომ კარტელური გარიგებები და ხელოვნური მონოპოლიები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს.

ჩემი მხრივ კი მზად ვარ, მაქსიმალურად ჩავერთო ჩემს მიერ წარდგენილი წინადადების განხილვის პროცესში, დეპუტატებს დამატებით წარვუდგინო ჩემი ეკონომიკური ხედვა და კონცეფცია ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები და შენიშვნები, ასევე ის მიზნები და ამოცანები, რომელიც საფუძვლად დავუდე ჩემს პროექტს, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, ევროკავშირის სამართლის ნორმებიდან და ამერიკელი ხალხის პოზიტიური პრაქტიკიდან.

მზად ვარ, ამ წინადადების გარდა მთელი ჩემი პირადი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა და უნარები გავუზიარო კანონმდებლებს ეკონომიკის წინაშე არსებული სხვა გამოწვევების სწრაფად დასაძლევად.

მსურს გაცნობოთ, რომ სოციალური ქსელის საშუალებით 22 პუნქტიანი წინადადება იხილა 1 მილიონამდე მოქალაქემ, მართალია ზოგიერთი მოქალაქის და არაერთი ყალბი ანგარიშის მქონე სოც. ქსელის მომხმარებლის მხრიდან გამოხატულ იქნა ნეგატიური, შეურაცხმყოფელი შეფასებები, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ჩემს მოტივაციას, რომ ყველაფერი გავაკეთო ქვეყნის ინტერესებისთვის და იმ ადამიანების საკეთილდღეოდ, ვინც მხარს უჭერს ამ პროექტს და ამ მხარდაჭერით საკუთარი ქვეყნის ინტერესებს”, – წერს შალელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისუამის ოფიციალური ენაა რუსული, თორემ კიწიაში და ბიაში პრემიერ-მინისტრს მეგრულადაც შეუძლია საუბარი
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება