პარლამენტში გიორგი ქობულიასთან შეხვედრა გაიმართება

პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა. გიორგი ქობულიას მოსმენას პარლამენტში ოპოზიცია და მმართველი გუნდის ყოფილი წევრები დაესწრებიან.

დეპუტატები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ, კანონმდებლები ასევე გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებით დაინტერესდებიან.

„ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა მინისტრმა ქობულიამ. ის არის ერთადერთი მინისტრი ექვსი წლის მანძილზე გამოცვლილ 30-40 მინისტრს შორის, ვინც გაბედა და თქვა, რომ მას ხელი ეშლებოდა მუშაობაში და ბევრი სასიკეთო საქმე არ კეთდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის უცნაური თამაშის წესების გამო. თუ დეტალებზე ისაუბრებს კიდევ უკეთესი, თუ არა, ესეც საკმარისია, რათა მისი ეს საქციელი შევაფასოთ დადებითად”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ანგარიშს უმრავლესობის წევრები არ დაესწრებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ არ სურთ „ქართული ოცნების“ ყოფილი და განაწყენებული წევრების დისკუსიაში ჩაერთონ.

„გუნდიდან წასული, განაწყენებული დეპუტატები ხვდებიან გუნდიდან წასულ მინისტრს და არ მგონია ლოგიკური, რომ ამას მმართველი გუნდიდან უნდა დაესწრონ. ბუნებრივია, ვიცით რეალური მიზეზები, ეს საზოგადოებამაც იცის და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრაზე დასწრებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ.

ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპომპეომ და ლავროვმა სოჭში საერთო მიზნებსა და უთანხმოებებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა