“პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს” – ეკა ბესელია

„პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს,“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრებს და ეკა ბესელიას შორის კამათი იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობა დემარშით წასულ დეპუტატებს დაატოვებინონ.

„ეს არ არის პარლამენტის ნორმალური საქციელი და ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს. ეს არის საქართველოს პარლამენტი და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, შენც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ამ დელეგაციის წევრმა, სხვამაც, კეთილი უნდა ინებოს და წესებს პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი პერსონალური განწყობები დამტოვოთ სადმე გარეთ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია განმარტავს, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობის ცვლილება იანვრამდე შეუძლებელია და მისთვის გაუგებარია, როგორ ხდება სხვა გვარებით დემარშით წასული დეპუტატების ჩანაცვლება.

ამაზე განმარტებებს ეკა ბესელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი და რადგან მათ ოცნება დატოვეს, მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის მათი გუნდის წევრები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიდოკუმენტი – სოფო კილაძე ომბუდსმენის მწვავე ანგარიშზე
შემდეგი სტატიაპროკურორი – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, გ.ბ-მ მიაყენა