პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ორმა დეპუტატმა – პავლე კუბლაშვილმა და გოგა ხაჩიძემ.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზე კანონპროექტის აღწერაშია ნათქვამი ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების მომენტიდან შევა. გამოქვეყნება კი, 15 დღის ვადაში – საკანონმდებლო მაცნეში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეც. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან შედის და 15 დღეში საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება.

წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურები. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით აღინიშნება, რომ იგი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ფიცის დადების მომენტიდან. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს ექნება უფლება სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

ცვლილებები შედის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონშიც წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის როგორც განსხვავებული, ასევე თანმხვედრი აზრის არსებობის შესაძლებლობას, რომელიც ასევე თან დაერთვება საქმეს. განისაზღვრება კონკრეტულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული შერჩევის სისტემის საშუალებით შერჩევის შესაძლებლობა. წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებაზე უარი დასაშვებია თუ იგი გამოსაქვეყნებლად კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით არის წარდგენილი.

აღნიშნული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეწინააღმდეგებოდა “ნაციონალური მოძრაობა” მათი თქმით, აღნშნული კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის სურვილების განხორციელებაა და მიზნად საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეკვეცას ისახავს. ენმ-ს წევრმა გიორგი კანდელაკმა კანონპროექტის მხარდაჭერისთვის აპც “გირჩის” წევრები გააკრიტიკა. მისი თქმით “გირჩი” ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს:

“მე მგონი კიდევ თუ არსებობდა კითხვები თუ რა თამაშს თამაშობენ ეს ბატონები – დღეს ყველა კითხვას პასუხი გაეცა”- წერს გიორგი კანდელაკი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: “რუსთავი” 2 თავად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ნაწილი
შემდეგი სტატიაადვოკატი: ვერა სავჩენკო კონსულმა წაიყვანა და როსტოვში მიყავთ