პარლამენტმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატები ვერ შეარჩია

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია.

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილია, წევრობის კანდიდატთა შორის კი მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი არიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, “ოცნების” 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრება და კანდიდატებმა 90 ხმა ამიტომ ვერ მოაგროვეს. პაპუაშვილის თქმით, ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3 ეტაპიანი გახდა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება 2-ჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, “ოცნების” უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კი იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით. თუმცა, მიღებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის წარდგენა დაიწყო